logo
ENG



"გადადგეს ღარიბაშვილი, დაისაჯონ დამნაშავეები" - მედიის პროტესტი მთავრობის ადმინისტრაციაში

13 ივლ 202111:19
3 წუთის საკითხავი
 

მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებმა და ოპერატორებმა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას სიტყვით გამოსვლამდე პერფორმანსი მოაწყვეს. ტრიბუნასთან ფორმულას ჟურნალისტი გიორგი კიკაბიძე მივიდა, რომელმაც თქვა, რომ დღეს ლექსო ლაშქარავას კრძალავენ და არავის აქვს მორალური უფლება, ამ ტრიბუნასთან იდგეს. კიკაბიძემ ამის შემდეგ სხვა ჟურნალისტებსა და ოპერატორებს მოუწოდა, მისულიყვნენ ტრიბუნასთან და პროტესტი გამოეხატათ.

მათ თან ჰქონდათ ფურცლები წარწერებით - "გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი", "დაისაჯონ დამნაშავეები", ასევე, ლექსო ლაშქარავას ფოტოები.

"თანამდებობა აუცილებლად უნდა დატოვოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რადგან ის არის ნომერ პირველი ჰომოფობი ჩვენს ქვეყანაში და მოძალადე პრემიერი. გარდა ამისა, დამნაშავეები, რასაკვირველია, უნდა დაისაჯონ", - თქვა კიკაბიძემ.

5 ივლისის აქციაზე მედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა, მათ შორის ტვ პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც 11 ივლისს გარდაიცვალა. ამის გამო რუსთაველის გამზირზე მედიის მიერ ორგანიზებული მასშტაბური აქცია გაიმართა, სადაც ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა მოითხოვეს. ის ამბობს, რომ წასვლას არ აპირებს.


close დახურვა